ირაკლი კობახიძე - დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული, შესაბამისად, გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით. გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს, მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაიჭრა ცხრაკილომეტრიანი, უნიკალური გვირაბი, ასევე ორი უნიკალური ხიდი შენდება. ეს სამუშაოები დავათვალიერეთ ადგილზე. დაახლოებით წელიწად-ნახევარში უკვე ეს გზა მთლიანად იქნება აშენებული. შესაბამისად, გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით. გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება. შესაბამისად, ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დუშეთის რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„განახლდა მთლიანად პირველი სკოლა და მინდა, მივულოცო, პირველ რიგში, ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს განახლებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყება. ასევე, მცხეთაში ვიყავით, სადაც განახლდა მუზეუმი და მალე უკვე სრულად გაიხსნება ეს მუზეუმი. სრულად განთავსდება ექსპონატები. ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და, კონკრეტულად, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.