ირაკლი კობახიძე - ცილისწამების პრობლემაზე უნდა ვიმსჯელოთ და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, უნდა მივიღოთ
ირაკლი კობახიძე - ცილისწამების პრობლემაზე უნდა ვიმსჯელოთ და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, უნდა მივიღოთ

უნდა ვიმსჯელოთ ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

კობახიძის თქმით, ამ პრობლემას სჭირდება ანალიზი და მსგავსი კანონის შემუშავებაზე ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა საუბარი.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე. ხომ ყველა ვხედავთ ამ პრობლემას, აქ საუბარია არამარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალური ქსელებით, ასევე სხვა ფორმით. სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას.

ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს იმ სურათიდან, რომელსაც ხან ქმნის მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.