ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამიტომ გენერალური პროკურორის არჩევის წესს ერთხმად მხარს დავუჭერთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამიტომ გენერალური პროკურორის არჩევის წესს ერთხმად მხარს დავუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, რადგან მათთვის ევროინტერგაცია და 12 პუნქტის შესრულება უმნიშვნელოვანესია.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება სამართლებრივ და მმართველობის პრინციპებს, აღნიშნული საკითხი მოხვდა ევრორეკომენდაციებში და შესაბამისად, ის მიღებული უნდა იყოს.

„რა კანონპროექტის წარდგენაც მიწევს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და მმართველობის პრინციპებს. ეს კანონპროექტი თავიდან-ბოლომდე გაუმართავია, რაზეც საუბარი შარშან მქონდა. მაშინ ჩვენი ინიციატივით ამოღებული იყო შესაბამისი ტექსტი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, თუმცა ამის შემდეგ ეს ჩანაწერი მოხვდა ევროკომისიის რეკომენდაციებში. სამწუხაროა, რომ აქ დარღვეულია სამართლებრივი და მმართველობის პრინციპები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამის გათვალისწინებით, ამ კანონპროექტს წარმოვადგენთ და ერთხმად მხარს დავუჭერთ. თუ ვინმე ოპოზიციიდან მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში, აშკარად იქნება, რომ ეს ადამიანები 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიდიან. თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ეს წესი გავრცელდება მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტზე. ამ არასწორ წესს გრძელვადიან პერსპექტივაში არ დავტოვებთ, ეს არის ერთადერთი, რითაც თავის დამშვიდება შეგვიძლია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაქტიკაში იქნება პრობლემები, თუმცა მთავარი პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა.

„უპრეცედენტოა კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირის ქვეყნებში კვალიფიციური უმრავლესობის დადგენა თანამდებობის პირების არჩევისთვის თითქმის არსად ხდება, ერთადერთი გამონაკლისია უნგრეთი და მცირე გამონაკლისია ბელგია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის, სადაც გამონაკლისს აქვს ეთნიკური მიზეზები. სხვა არც ერთ ქვეყანაში ასეთი წესი არ დგინდება, რადგან ალოგიკურია. როცა თანამდებობის პირი კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევა, ასეთ დროს უმცირესობას მისი დაბლოკვა და ძალაში ძველის დატოვება მარტივად შეუძლია. იგივე პრობლემას ვაწყდებით სახალხო დამცველის შემთხვევაში. „ნაცმოძრაობას“ არანაირი ინტერესი არ აქვს, არჩეული იყოს სახალხო დამცველი, რადგან თუ ახალი სახალხო დამცველი არ აირჩევა, ამ შემთხვევაში, ისევ ძველი ოფისი რჩება, ანუ, „ნაცმოძრაობის“ აქტივი, რაც ამ ოფისშია წარმოდგენილი. ეს არის ნათელი მაგალითი. ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმი ანეიტრალებს პრობლემას, მაგრამ თავისთავად ის, რომ პროკურორი აირჩევა უმრავლესობით და ერთი წლით, ეს არია სამართლებრივი ნონსენსი. სხვათა შორის, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ის, რომ პროკურორი არჩეული იყოს ან ხანგრძლივი ვადით, ან უვადოდაც კი. რასაც წარვადგენთ, სრული სამართლებრივი და მმართველობითი ნონსენსია, მაგრამ ეს არის ევროკავშირის რეკომენდაცია“, – განაცხადა კობახიძემ.