ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვარაუდით, საქართველოში მოქმედებენ ორგანიზაციები და პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა ემსახურებიან მათ ინტერესებს, ეს გამოწვევად რჩება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვარაუდით, საქართველოში მოქმედებენ ორგანიზაციები და პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა ემსახურებიან მათ ინტერესებს, ეს გამოწვევად რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს არჩევნებში რუსეთის მიერ შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით გამოწვევა მართლაც არსებობს.

კობახიძის თქმით, გამოწვევაა იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოში მოქმედებენ ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ასევე ორგანიზაციები.

ამასთან, კობახიძე არნიშნავს, რომ სავარაუდოდ, საქართველოში მოქმედებენ ისეთი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა არაპირდაპირ ემსახურებიან მათ ინტერესებს.

„ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედებენ ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები. არა მხოლოდ პარტიები, არამედ სხვა ორგანიზაციებიც. გარდა ამისა, ჩვენი ვარაუდით, საქართველოში მოქმედებენ ისეთი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა არაპირდაპირ ემსახურებიან მათ ინტერესებს. ეს რჩება გამოწვევად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ შეიქმნას, მათ შორის ფინანსების კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, არსებობს გამოწვევები დაფინანსების თვალსაზრისითაც.

„შესაბამისად, ყველაფერი უნდა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში, საარჩევნოდ არ შემოვიდეს შავი ფული სხვა ქვეყნებიდან. მარჩიელობაში არ შევალ, მაგრამ კონკრეტული პარტიები არიან, რომლებიც ღიად აცხადებენ იმის თაობაზე, რომ მათ აქვთ რუსეთთან დაახლოების ინტერესი, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის იდეას.

შესაბამისად, საზოგადოებამ იცის, ეს პოლიტიკური ძალები რომელია. ასევე არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროდასავლური ძალები, მაგრამ მათ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს.

აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური ძალების შემთხვევაში არსებობს თანამშრომლობის რისკი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები გამოირიცხოს.

მნიშვნელოვანია ფინანსების კონტროლი და იმის კონტროლი, თუ რა ხდება მედიასაშუალებებში, მათ შორის სოციალურ ქსელში. ყველაფერს უნდა დავაკვრიდეთ და ვნახოთ, ხომ არ არის სადმე ინტერვენციის ნიშნები. თუ ასეთი ნიშნები არის, დაგვიჭირდება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, რომ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას.