ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, ოპოზიციას შეგნებული ჰქონდა, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, დღეს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევთ
ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციას შეგნებული ჰქონდა, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა.
„ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ, არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ. მათ ჰქონდათ შეგნებული ის, რომ მოქმედებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად. დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სინამდვილეში უპირისპირდებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, მათ შორის, არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე, ყოველ ჯერზე, წლიდან წლამდე, მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმეს თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება.