ირაკლი კობახიძე - ჩვენი შტაბების მონაცემებით, ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისსა და დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ
ჩვენი შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა, რისთვისაც მოქალაქეებს მადლობას უხდის.
„ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა, რაც პრინციპულად არის თანხვედრაში 2014 და 2017 წლების არცევნების აქტივობის მაჩვენებლებთან. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს აქვს საშუალება, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი. ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ფიქსირდება, 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.