ირაკლი კობახიძე - ჩვენი სახელმწიფო იქნება ძლიერი და ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სახელმწიფო იქნება ძლიერი და ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს გუშინდელი დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ჩვენთვის ეს დღე ძალიან ემოციური იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და ჩვენი ქვეყნის განვითარება აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო იქნება ძლიერი და ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის სტუმრები, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ისტორიული დიასპორის, უცხოეთში ქართული სათვისტომოებისა და  საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველო 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ევროკომისიისა და 6 ქვეყნის პრეზიდენტი,  ასევე, 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.