ირაკლი კობახიძე - ჩვენი რეიტინგი გაზრდილია საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი რეიტინგი გაზრდილია საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირად არ მოქმედებს ის, თუ რომელი პარტიები მიიღებენ მასში მონაწილეობას.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ითვლება კლასიკურ პოლიტიკურ არჩევნებად, შესაბამისად, ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენთვის სულერთია, ასეც და ისეც ჩვენ ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, მნიშვნელობა არ აქვს კონფიგურაციას. ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას, ორი, სამი, ერთი თუ არცერთი არ მიიღებს, ასეც და ისეც ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, რასაც სოციოლოგიური კვლევები გვაჩვენებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს. შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.