ირაკლი კობახიძე – ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

02:06, 15.09.2026

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური წინსვლა.

„მე მინდა, გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად.

ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს, ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა, ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას, ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი