ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად

01:07, 04.10.2026

განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება, განხორციელდეს ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სკოლების უმრავლესობაში მე-12 კლასი იყო ფიქტიური, რადგან მოსწავლეები რეალურად სკოლაში არ დადიოდნენ.

„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა. ასევე, მე-11 კლასს რაც შეეხება, რომ უნდა იყოს ერთგვარი მოსამზადებელი შემდეგი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, სწორედ ეს არის მიზანი, რომ შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც იქნება განკუთვნილი სწორედ რეპეტიტორიუმისთვის, მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. დანარჩენი, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა და მზად ვართ ასეთი მსჯელობისთვის“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი