ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის შექმნა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ 
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის შექმნა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად მუშაობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოს სხდომის გამართვას და გადაწყვეტლების მიღებას სჭირდება საკრებულოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტი, სენაკის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა.

„რაც შეეხება სენაკს, სხდომის გამართვას და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ნახევარზე მეტი, 33-ის ნახევარზე მეტი არის 17 და „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას ალიანსი ამტკიცებს, რომ ეს არის არა 17, არამედ 16, ანუ მარტივ მათემატიკურ არცოდნას გვაქვს ჩვენ საქმე, თუმცა სინამდვილეში მათ მათემატიკა ძალიან კარგად იციან, რეალურად იმდენად დიდი ჰქონდათ კოალიციის შეკვრის წყურვილი სენაკშიც, რომ ვერ გაუძლეს ცდუნებას. ეს არის რეალური მოცემულობა, შესაბამისად, ეს არის რეალობა, რომელიც არის სენაკშიც და სრულიად საქართველოში.

დღეს არ ჩანს უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, მაშინვე მივიღებთ მონაწილეობას სენაკის საკრებულოს სხდომაში. ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად.

რაც შეეხება ზუგდიდს, ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იყოს უმრავლესობის მუშაობის შესაძლებლობა. როგორც კი ამას დავინახავთ, მონაწილეობას მივიღებთ საკრებულოს სხდომაში“, – განაცხადა კობახიძემ.