ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა ევროკავშირში განაცხადი წარმატებული იყოს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ზუსტად იმავეს აკეთებენ, როცა ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა ევროკავშირში განაცხადი წარმატებული იყოს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ზუსტად იმავეს აკეთებენ, როცა ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან, რომ ყველაფერი მაქსიმალურად დააზღვიონ. გუშინწინ

პრემიერი იყო ჩასული, ახლა ბერლინშია მაკა ბოჭორიშვილი და ა.შ. ანუ, ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა ჩვენი განაცხადი წარმატებული იყოს, ზუსტად იგივე დროს კი, ოპოზიციის წარმომადგენლები იმავე დერეფნებში დადიან და ზუსტად ისევე, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ იმ დერეფნებში, იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც. ზუსტად იგივე გვარები – კანდელაკები, სამადაშვილები და ა.შ. ესენი არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები. რა შეიძლება, მათ ვუწოდო, უბრალოდ, არ ვიცი. ეს ადამიანები დღეს დადიან დერეფნებში და პირდაპირ აგიტაციას, კამპანიას აწარმოებენ იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. მაშინ, როდესაც ჩვენ საპირისპირო კამპანიას ვაწარმოებთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი ფაქტები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები კონკრეტული ევროპარლამენტარის კაბინეტში შედიან, იქიდან კონკრეტული განცხადებები გამოდის, რაც მათი აგიტაციის შედეგია.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ეს კამპანია პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ განზრახვასთან, საქართველო ომში ჩართონ.

„მათ ახლა ერთადერთი რამ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა რამენაირად ჩართონ ომში. ეს მარტივი გათვლაა, თუ დავუშვათ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება, გამოიწვიოს მღელვარება, გაუჩნდეთ ხელისუფლების გადატრიალების, ბაკურიანის გეგმების განხორციელების ახალი შანსები და მერე ჩართავენ ქვეყანას ომში, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ეს არის მათი კამპანიის მთავარი განზრახვა და მიზანი“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი