ირაკლი კობახიძე - ჩვენი გეგმა, მშპ-ს არანაკლებ 6 პროცენტამდე გაიზარდოს განათლებაში ყოველწლიური ინვესტიცია, არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწრაფ განვითარებას
ირაკლი კობახიძე - ჩვენი გეგმა, მშპ-ს არანაკლებ 6 პროცენტამდე გაიზარდოს განათლებაში ყოველწლიური ინვესტიცია, არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწრაფ განვითარებას

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ახალ ინიციატივაზე „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძლიერი განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა.

„განათლებას საქართველოში ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ქართული სახელმწიფოს განვითარების ყველაზე გამორჩეული ეპოქების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ყოველთვის იყო ძლიერი განათლების კერები და განათლებული საზოგადოებები: ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანის პერიოდში დაფუძნდა გელათისა და იყალთოს აკადემიები, მე-19 საუკუნის უდიდეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ერთობა – თერგდალეულთა პირველი დასი სწორედ განათლების ნიშნით ჩამოყალიბდა, გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი იყო თანამედროვე საქართველოს უმთავრესი საგანმანათლებლო კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება. დღეს, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს დასახული აქვს ამბიციური მიზანი, გახდეს დასავლური სივრცის – ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, შინაარსობრივად დაუახლოვდეს სახელმწიფოებრივი განვითარების დასავლურ სტანდარტებს, განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით.

„მხოლოდ ძლიერი ადამიანური კაპიტალის პირობებში შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება. განათლება არის სულიერად ძლიერი, ტრადიციების ერთგული და წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება. გასული საუკუნის 90-იანი წლების სირთულეებმა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას მძიმე დაღი დააჩნია. ეს პრობლემა აისახა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროსა და ასპექტზე. წარმოიშვა ადამიანური კაპიტალის უკიდურესი დეფიციტი, მოიშალა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, მძიმე პრობლემები შეექმნა ქართულ ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველოს განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, იგი კვლავაც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. ეს გამოწვევები ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს გახმოვანებული ინიციატივა განათლებას აქცევს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად, რაც საუკეთესო პასუხი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

კობახიძის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას შესწევს უნარი, ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველაზე განათლებულ ერებს შორის, ამ მიზნის მიღწევას კი, შესაბამისი ძალისხმევა და შესაბამისი ინვესტიცია ესაჭიროება.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმა, მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 6 პროცენტამდე გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ განათლებაში ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის მოცულობა, არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწრაფ განვითარებას როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურზე. მხოლოდ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზეა შესაძლებელი განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის, სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის სწრაფი დაახლოება დასავლურ სტანდარტებთან. უპრეცედენტო ინვესტიცია დააჩქარებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას. ეს გადაწყვეტილება გარდატეხას შეიტანს სახელმწიფო მმართველობის, პოლიტიკური სისტემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართული ეკონომიკის განვითარებაში, დააჩქარებს სიღარიბის საბოლოოდ დაძლევას და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით მოსახლეობის უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეუქმნის თვითრეალიზების უპრეცედენტო შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი, აქტიურად ჩაერთვება იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დასახული მიზნის მიღწევას.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოუელ თქვენგანს ამ უპრეცედენტო ინიციატივის თაობაზე მსჯელობაში მონაწილეობისათვის. ამ ინიციატივას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწორი და სწრაფი განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენის ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სტუმრებს პრემიერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიმართეს.