ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს

14:23, 18.07.2026

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან.

„ამ პროცესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან. ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება. რამდენიმე წელიწადში, 2031 წლისთვის ჩვენ გვექნება თბილისში სრულიად ახალის აერთაშორისო აეროპრტი, მანამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და მისი გამტარუნარიანობა, იგივე ეხება ბათუმის აეროპორტს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა რკინიგზის და პორტების განვითარების მიმართულებით.

„ასევე ვმუშაობთ რკინიგზის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები, რაც საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, აქტიურად წარიმართება პორტების განვითარების პროცესი, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ამ რამდენიმე წელიწადში“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი