ირაკლი კობახიძე - დანიის სამეფოში ვისაუბრებ საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით, ჩვენი ეროვნული ინტერესები წარმოდგენილი უნდა იყოს ყველგან
მექნება საშუალება, მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დანიის სამეფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი ასევე იქნება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე.
„ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, მე მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, რადგან პანელის შინაარსი უკავშირდება სწორედ ეკონომიკურ საკითხებს. ამასთან ერთად, საუბარი გვექნება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით, ეს იქნება ძირითადი გზავნილები, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი დანიაში 1-2 ოქტომბერს შედგება.