ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით
საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ში, „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა.
„ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქართველო რჩება იმ პრინციპების დაცვის ერთგული, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
„მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტი“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა.