ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ამასაც აქვს თავის ფასი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ამასაც აქვს თავის ფასი

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც თუ ასპროცენტიანი დასტური არ არსებობს, საქმე ეჭვმიტანილის სასარგებლოდ წყდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მან ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამთვიანი მუშაობის შემდეგ კომისიამ დადო იგივე შედეგი, რაც პროკურატურამ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილზე ფარდულის დანგრევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფარდულის დანგრევას არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულის გახსნასთან, რაც კომისიამაც დაადგინა.

„მეორე იყო დანის გაღუნვა, რაც ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა ექსპერტიზის დროს და არც ეს იყო კავშირში დანაშაულის გახსნასთან. მესამე იყო მოწმეები, ყველა მოწმე არის ცოცხალი, – კომისიას ჰქონდა საშუალება, დაეკითხა მოწმეები, იყო ერთი შემთხვევა, წავიდნენ მოწმეების დასაკითხად, ორი არასრულწლოვანი უნდა გამოეკითხათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაბრუნდნენ ხუთ წუთში, ვიკითხე რატომ, გამოიყენეს დუმილის უფლება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფასი. ამას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, განვითარებულ ქვეყნებში მკვლელობების გახსნის მაჩვენებელი 50-დან 70/80 პროცენტამდე მერყეობს. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ყველა ქვეყანაში არსებობს რისკი, რომ მკვლელობა შეიძლება ვერ გაიხსნას.

„შედარებას მოგიყვანთ, 2012 წლამდე დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გვქონდა 99,9 პროცენტი, რატომ? რადგან თუ ვინმე არ იძლეოდა ჩვენებას, ამ შემთხვევაში, ინსტრუმენტი იყო ხელჯოხი და ცოცხი. ეს იყო ნაცმოძრაობის სტილი. ჩვენ ეს აღვკვეთეთ, ამას აქვს თავისი ფასი, შეიძლება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 99,9 პროცენტი აღარ არის, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც აღარ ხდება, რაც ხდებოდა. მაგალითად, მაშინ ისე შეუფარდეს ადამიანს სასჯელი მკვლელობისთვის, რომ ის ეგრეთწოდებული დაზარალებული, ცოცხალი აღმოჩნდა” – განაცხადა კობახიძემ.