ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის დროსაც უპრეცედენტო წინსვლაა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რასაც ყველა აღიარებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის დროსაც უპრეცედენტო წინსვლაა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რასაც ყველა აღიარებს

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის დროსაც არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტი, მშვიდობა და სტაბილურობა არის ერთ-ერთი საყრდენი, რათა ქვეყანა განვითარდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უპრეცედენტო წინსვლაა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რასაც ყველა აღიარებს.

„წინა ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა, რომ მას ჰქონდა დასავლური კურსი, მაგრამ რა გააკეთა? მთლიანად შეაფერხა ჩვენი სვლა დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციის და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით სრული კოლაფსი ჰქონდა 2012 წლამდე. როცა საუბრობდნენ, რომ თურმე რუსეთის მტრები იყვნენ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. ეს არის მათი სიტყვა და მათი საქმე. ჩვენი სიტყვა და საქმე არის, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის დროსაც არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტი, მშვიდობა და სტაბილურობა არის ერთ-ერთი საყრდენი, რათა ქვეყანა განვითარდეს, უპრეცედენტო წინსვლაა როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რასაც ყველა აღიარებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ 2024 წელს წარადგენენ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ამ გეგმას ბოლომდე მიიყვანენ.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რაც უკავშირდება მათ შორის 2024 წელს ჩვენი განაცხადის წარდგენას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ. ამისთვის არსებობს ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ჩვენ მივყვებით. ყველა რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებასთან, იქნება განხორციელებული. ამის საფუძველზე, ჩვენ 2024 წელს წარვადგენთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ბუნებრივია, პარტნიორებთან გვექნება მუდმივი თანამშრომლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.