ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, ხაბეიშვილი ამაყობს 16 პროცენტით, რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ქვეყნის დემოკრატიისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, ხაბეიშვილი ამაყობს 16 პროცენტით, რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ქვეყნის დემოკრატიისთვის

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 20 პროცენტს ჩამოსცდა, როგორც ჩანს, ეს უხარია ხაბეიშვილს, ძალიან კარგია თუ უხარია, კიდევ მეტად უნდა ჩამოსცდეს ამ მაჩვენებელსაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმ პირობებში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, ლიდერი არის კეზერაშვილი და ა.შ. 16 პროცენტიც ზედმეტია.

„რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მაშინაც დეგრადირებული იყო ეს პარტია, როცა აიღეს 27 პროცენტი. დღეს ისეთი მდგომარეობაა ამ პარტიაში, რომ საკუთარი ყოფილი მხარდამჭერებიც აღარ უჭერენ მხარს, ამიტომ არის მათი რეიტინგი შემცირებული. როცა თავმჯდომარე გყავს კომიკური ფიგურა, ლიდერი გყავს კეზერაშვილი, რომელმაც ჯარი, ბიზნესმენები გაძარცვა და ახლა ევროპელ პენსიონრებს ძარცვავს, ამ პირობებში ესეც ზედმეტია. საკუთარი მხარდამჭერებიც კი დაკარგეს. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა, ხაბეიშვილი ამაყობს 16 პროცენტით. ვერავინ გაიგო, მელია არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ წევრი. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად სუსტდება პარტია. მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება, ვერ გაერკვნენ, რა ხდება პარტიაში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი. ძალიან გაუჭირდებათ დალაგება, ამ ყველაფერს აქვს ბევრი და კომპლექსური მიზეზი. იურიდიული მხარე მეორეხარისხოვანია, პოლიტიკურ პრობლემებს ხედავენ ამ საკითხის გადაჭრაში. იციან, რომ მელიას შეუძლია, დაახლოებით, ერთი პროცენტი წაართვას პარტიას. იმ პირობებში, როცა უწევთ, 16 პროცენტით იამაყონ, ეს ერთი პროცენტიც არის დასანანი“, – განაცხადა კობახიძემ.