ირაკლი კობახიძე - გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადება მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის გაუგონარ მცდელობას
ირაკლი კობახიძე - გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადება მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის გაუგონარ მცდელობას

ამერიკის საელჩოსგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ სტანდარტს. სასამართლოს გარკვეული გადაწყვეტილება როცა გამოაქვს, აქ პოლიტიკური კომენტარები ზედმეტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას, სადაც კელი დეგნანი ამბობს: „ვიმედოვნებდით, უზენაესი სასამართლო დაინახავდა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მათ მიიღეს თავიანთი გადაწყვეტილება და საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩით“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამია სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის და ამ საქმეს არ შეიძლება, კავშირი ჰქონდეს კანდიდატის სტატუსთან.

„ჩვენ არ ვერევით ამ საქმეში, შესაბამისად, თავს ვიკავებთ შეფასებებისგან. ამერიკის საელჩოსგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ სტანდარტს და სტანდარტი არის ის, რომ, როცა სასამართლოს გამოაქვს გარკვეული გადაწყვეტილება, აქ პოლიტიკური კომენტარები ზედმეტია. არავითარ კავშირში არ არის გვარამიას საქმე და კანდიდატის სტატუსი, არავითარ კავშირში არ შეიძლება, იყოს გვარამიას საქმე და კანდიდატის სტატუსი. ყველამ იცით, რომ არავითარი მედიამენეჯერი გვარამია არ არის, არსად არაფერი წერია. ლოგიკურად ვერავითარ კავშირში ვერ იქნება გვარამიას გათავისუფლება და კანდიდატის სტატუსის მიღება. გვარამია სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის, მან კერძო ტელეკომპანიას, თავისუფალ მედიას მოჰპარა შვიდი მილიონი ლარი, რადგან იცოდა, რომ ეს კომპანია ჰქონდა გადასაცემი კანონიერ მფლობელზე. მახსოვს, თავის დროზე, როცა უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მაშინაც გავრცელდა ამერიკის საელჩოს განცხადება ამ თემაზე. მაშინაც მათ დაგმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ ამერიკის საელჩოს მაშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსამართლო. კიდევ ერთხელ აკეთებენ ამას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

საელჩოს ეს განცხადება მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ თავის დროზე რაღაცნაირად თვალი დავხუჭეთ აბსოლუტურად უკანონო ქმედებაზე, რომელიც უკავშირდებოდა ზეწოლას მოსამართლე ჩხიკვაძეზე. ესეც იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ალბათ ასე არ უნდა დაგვეხუჭა თვალი, რადგან ამას გაგრძელება მოჰყვა და კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას. ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა დაუშვებელი და მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.