ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, არ ვაწესებთ სანქციებს, ამავე დროს უზრუნველვყოფთ, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, არ ვაწესებთ სანქციებს, ამავე დროს უზრუნველვყოფთ, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა

ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა ამ თემასთან დაკავშირებით, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, ეს არის ჩვენი მყარი დამოკიდებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ვინმეს თუ აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, ამას საქართველო არ გაააკეთებს.

„ასევე, შეგახსენებთ, რაც პრემიერმა აღნიშნა რამდენიმე დღის წინ კატარში. რასაც ვაჭრობს რუსეთთან საქართველო მთელი წელი, იმას ვაჭრობს რუსეთთან ევროკავშირი ოთხი დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ჩვენც პირველ რიგში ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და სწორედ ამ ინტერესებს შეესაბამება ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ამავე დროს უზრუნველვყოფთ სანქციებისთვის გვერდის არავლას“, – განაცხადა კობახიძემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს“.