ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოში ნარკომოხმარება შემცირდეს და სისხლის სამართლის პოლიტიკა იყოს რაციონალური
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოში ნარკომოხმარება შემცირდეს და სისხლის სამართლის პოლიტიკა იყოს რაციონალური

საქართველოში ნარკომოხმარება უნდა შემცირდეს და სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს რაციონალური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული მიზნების ჭრილში უნდა იყოს განხილული კანონპროექტი.

„ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ კანონპროექტის განხილვის ვადა. როგორც მოგეხსენებათ, არსებითი აზრთა სხვადასხვაობაა კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, რომ ივნისის ბოლომდე მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება. ინტენსიური განხილვის რეჟიმში მოხდება ამ კანონპროექტის საბოლოო ჩამოყალიბება. მიზანი არის, რომ შემცირდეს საქართველოში ნარკომოხმარება, სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს რაციონალური, ეს არის ზოგადი მიზნები და ამ მიზნების ჭრილში უნდა იყოს განხილული კანონპროექტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მთავარია, პოლიტიკა იყოს დაბალანსებული და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემცირებას შეუწყოს ხელი.

„ბუნებრივია, ჩვენ აპრიორი არც გამკაცრებისკენ და არც ლიბერალიზაციისკენ არ ვიხრებით. მთავარია, იყოს დაბალანსებული და მთავარია, დასახელებული ორი მიზანი იყოს მიღწეული, რომ თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი მოხმარების შემცირება, იქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ხელს, წავალთ მეორე მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.