ირაკლი კობახიძე - ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია, ოპოზიციას აქვს საპირისპირო ინტერესი, სურთ, ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში
ირაკლი კობახიძე - ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია, ოპოზიციას აქვს საპირისპირო ინტერესი, სურთ, ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

ოპოზიციას აქვს არა დეოლიგარქიზაციის ინტერესი, არამედ სწორედ ის ინტერესი, რომ საქართველოში ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან სუბიექტური, რადგან ყველა ოლიგარქი არის დღეს მათ მხარეს, მათ ინტერესებშია, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, დაუბრუნონ ძალაუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის ​კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ისინი არიან დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგნი.

„მათი პირდაპირი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესია, ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა. ხომ ვიცით, ვინ არიან ესენი – სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს მათ მხარი ​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ფლობგენ ინფორმაციას, რომ მოლდოვა დეოლიგარქიზაციის კანონის ასევე უკრაინული მოდელით მიღებას.

„რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია უმაღლეს დონეზე მიღებული, პირადი კომუნიკაციის საფუძველზე. ჩვენ ვიცით, რომ ისინი გეგმევენ ასევე უკრაინული კანონის გადატანას მოლდოვაში. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ოლიგარქის ცნება არის ლოგიკურად უნივერსალური, ოლიგარქი ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, ხომ, ოლიგარქი არის ოლიგარქი. შესაბამისად, დეფინიცია არის უნივერსალური. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის დეფინიცია, რომელიც არის მიღებული უკრაინაში, იქნება რელევანტური ​საქართველოსთვისაც. სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით, ჩვენც გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი და ასევე, მოლდოველები გეგმავენ უკრაინული კანონის კოპირებას. შესაბამისად, აქ არის ძალიან მარტივი ლოგიკა. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის მომხრე. მომხრე ვართ, ოლიგარქებმა არ დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელსაც ბოროტად იყენებდნენ ცხრა წლის განმავლობაში. ოპოზიციას პირიქით, აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ სწორედ ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, პირველ რიგში პოლიტიკურად, მაგრამ ეს კანონი ამ ყველაფერს, ბუნებრივია, დაეხმარება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს ალტერნატიულ კანონპროექტზე, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის პოზიციები არის ზალიან მყარი, რადგან უკრაინულ მოდელს ევროკომისიის ხელმძღვანელის მაღალი შეფასება აქვს მიღებული და ასევე, ოლიგარქის ცნება უნივერსალურია.

„უკრაინამ მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეაფასა და ამ კანონს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. ეს არის მოცემულობა. ანუ არის მოცემულობა, როდესაც უკრაინაში არის მიღებული კანონი, ამ კანონს აქვს მიღებული მაღალი შეფასება ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან და ასევე, ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური, ანუ ეს ცნება ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი. და მეორე ობიექტური მოცემულობა ასევე არის, რომ ჩვენ სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ვართ დაინტერესებული, საქართველოში განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია, არ დავუშვათ საქართველოში ოლიგარქების ძალაუფლებაში დაბრუნება, ოპოზიციას აქვს საპირისპირო ინტერესი, მათ პირიქით, სურთ, ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ხელახლა მოიპოვონ ძალაუფლება. კარგად გვახსოვს, როგორ იყენებდა ბოროტად ძალაუფლებას მაგალითად, კეზერაშვილი, ან იგივე სააკაშვილი და სხვები. ამის არდაშვება, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სუბიექტური და ობიექტური ამოცანა. ეს არის ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოქმედებს ორმაგი სტანდარტით.

„ზუსტად იმავე კანონს კონკრეტული ადამიანები, ქართველები, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ უკრაინაში. დღეს მათ მხარი არ დაუჭირეს ზუსტად იდენტურ კანონს და წინააღმდეგაც კი მისცეს ხმა. ეს აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში მათ აქვთ არა დეოლიგარქიზაციის ინტერესი, არამედ სწორედ ის ინტერესი, რომ საქართველოში ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან სუბიექტური, რადგან ყველა ოლიგარქი არის დღეს მათ მხარეს, ეს არის კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ჭუტა და ა.შ. მათ ინტერესებშია, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, დაუბრუნონ ძალაუფლება. ეს არის სუბიექტური ინტერესი. აქედან გამომდინარე, ისინი მოქმედებენ ორმაგი სტანდარტით – ზუსტად იმავე კანონს მხარს უჭერდნენ უკრაინაში და ახლა ეწინააღმდეგებიან საქართველოში. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც საფუძვლად უდევს სუბიექტური სუბიექტური ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.