ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაც ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანაა.
„საუბარი შეეხო თანამშრომლობას ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას და ამ მიმართულებით მოქმედ ათწლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.