ირაკლი კობახიძე - ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი
ირაკლი კობახიძე - ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი

ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოზიცია და მმართველი გუნდიც ამ პოზიციით ხელმძღვანელობს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაიმართება.

„სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, კობახიძის თქმით, ამის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან გუნდში განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატზე ჯერ არ ყოფილა.

„ეს როგორ გითხრათ, როდესაც განხილვა არ გვქონია ჯერ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როცა შედგება ჩვენი განხილვა, ამის შემდეგ ვიტყვით კონკრეტულ რამეს კანდიდატთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

„კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ზოგადი მსჯელობა. როდესაც პირველადი კონსულტაციები გაიმართა, რამდენიმე კანდიდატი დასახელდა გუნდში. არის არაერთი კანდიდატი გუნდში, რომელსაც მარტივად შეუძლია პირველივე ტურში არჩევნებში გამარჯვება. ასეთი კანდიდატები გვყავს საკმარისად, თუმცა უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს“,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დასახელებულ კანდიდატებს შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კობახიძე აცხადებს, რომ ცქიტიშვილის კანდიდატურა გუნდში დასახელდა.

„იყო არაერთი კანდიდატი დასახელებულ, ერთ-ერთი იყო მაია ცქიტიშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.