ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელს შეხვდა

17:05, 16.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საავიაციო სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„საუბარი შეეხო საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების სწრაფ ზრდას, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რასთან დაკავშირებითაც Changi Airports International-მა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა. პროექტის მიხედვით, აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 20 მლნ-მდე მგზავრი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გლობალურ საინვესტიციო და საავიაციო კომპანიებთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ – 7.8 მილიონი, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. დღეს საქართველოში 80-მდე ავიაკომპანია 140-ზე მეტი საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს რეისებს.

მხარეებმა საავიაციო სექტორში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი