ირაკლი კობახიძე - ცესკო-ს შესახებ კანონში ჩიხი შექმნა პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს
ირაკლი კობახიძე - ცესკო-ს შესახებ კანონში ჩიხი შექმნა პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს

ცესკო-ს შესახებ კანონში ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში. ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ჩიხი, სჭირდება გამართული საარჩევნო კომისია.

„ცესკო-ს შესახებ კანონს რაც შეეხება, არსებული კანონი, რომელიც თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებას ეფუძნებოდა, ითვალისწინებდა ჩიხს. რეალურად, დღეს ცესკო ერთგვარ ჩიხშია შესული, ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი წევრი არჩეული არიან დაახლოებით ორი წლის წინ, ექვსი თვის ვადით და მხოლოდ იმის გამო უგრძელდებათ უფლებამოსილება, რომ ახალი თავმჯდომარე და წევრები არ არიან არჩეული. ეს არის ჩიხი, ანუ სუსტი ლეგიტიმაცია. ეს ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში. ახალი კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას.

ეს განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და მათი მხრიდან ძალიან კარგად იქნა მიღებული ჩვენი არგუმენტები. ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი, გვჭირდება გამართული საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს პროცესს. შესაბამისად, ჩვენ ინსტიტუტების სიძლიერის პრინციპით ვმუშაობთ. მოგვიწია ჩვენი პოზიციის მკაცრად დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის დასკვნაში იყო განსხვავებული ჩანაწერი. შეგახსენებთ, სრული ნონსენსია კანონში, სადაც მითითებულია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს შეუძლია, შეასრულოს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობა. ასეთ ნონსენსს როცა გვირჩევენ, ჩვენი ვალია, წარმოვადგინოთ კანონი, რომელიც ცესკო-ს მიუკერძოებლობას, ეფექტურობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.