ირაკლი კობახიძე - ავლაბრის სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ის ხალხს უნდა დაუბრუნდეს
ირაკლი კობახიძე - ავლაბრის სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ის ხალხს უნდა დაუბრუნდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცერემონიების მასპინძლობა ავლაბრის სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია იქნება. მისი თქმით, ავლაბრის სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ის ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, რა ფუნქცია მიენიჭება ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს, ამის თაობაზე საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

​„ჩვენი მთავარი ამოცანა, შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე არის აშენებული ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნოთ ხალხს. შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება ახალი მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლეს. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება. მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, კონკრეტულად, რა ფუნქცია, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს, ამის თაობაზე საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.

ამასთან, საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება.