ირაკლი კობახიძე - ბოლო ოთხ წელიწადში რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა იყო, ჩართული იყვნენ გარედან დაფინანსებული სუბიექტები, გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც წარმატებით გავაკეთეთ
ირაკლი კობახიძე - ბოლო ოთხ წელიწადში რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა იყო, ჩართული იყვნენ გარედან დაფინანსებული სუბიექტები, გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც წარმატებით გავაკეთეთ

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართული გარედან დაფინანსებული სუბიექტები. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ.

„ასეთი განცხადებები არის სამწუხარო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა. ამაში ჩართული იყვნენ გარედან დაფინანსებული სუბიექტები, მათ შორის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედიასაშუალებები და ასე შემდეგ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება. ჩვენ გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ. ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები. დანარჩენი არის სამწუხარო, ასეთი განცხადებები სამწუხაროა, სამართლიანი არ არის. იმედი გვაქვს, ასეთი ტიპის განცხადებები სამართლიანი განცხადებებით ჩანაცვლდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა: „მიმდინარეობს დისკუსიები, რათა შევძლოთ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“.