ირაკლი კობახიძე - ბოლო 2.5 წელში 5 მლრდ დოლარის ინვესტიციები მოვიზიდეთ, შემდეგი ოთხი წლის მიზანია, სულ მცირე, 9 მლრდ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა, იმედი გვაქვს, ამ მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ
მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში 5 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ ქვეყანაში. შემდეგი ოთხი წლისთვის გვაქვს მიზანი, რომ მოვიზიდოთ, სულ მცირე, 9 მლრდ დოლარის ინვესტიციები, რაც არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, აბსოლუტურად რეალური იქნება, რომ ამ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბოს შედეგმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
„მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება. ერთ-ერთი პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში, არის ის, რომ თანდათან იზრდება დიდი ქალაქები, არის მიგრაცია დიდ ქალაქებში და დემოგრაფიული პროცესების სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. დაახლოებით, 2.5 მლრდ ლარის ინვესტიციები ჩაიდება კონკრეტულად იმ ფონდებში, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონულ განვითარებასთან. ეს არის ე.წ. რეგფონდი, რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ეს არის მთის მხარდაჭერის ფონდი, ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია გამყოფი საზღვრებისპირა დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა, ამ პროგრამებზე, ფონდებზე დაიხარჯება დაახლოებით 2.5 მლრდ ლარი ოთხი წლის განმავლობაში. ადგილობრივი ბიუჯეტები გაიზარდა უკვე მნიშვნელოვნად და ეს პროცესი გაგრძელდება. მთლიანობაში, 2 მლრდ ლარზე ნაკლები იყო 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამი, აქ შედის როგორც თბილისის, ისე რეგიონული მუნიციპალიტეტები. ეს მაჩვენებელი არის უკვე სერიოზულად გაზრდილი, დაახლოებით, 5.5 მლრდ ლარია წლევანდელი მაჩვენებელი, 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის თანახმად, 7 მლრდ ლარს გადააჭარბებს ადგილობრივი ბიუჯეტების საერთო ჯამი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტიც გვექნება ზრდა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.