ირაკლი კობახიძე - ბოლნისში შეინიშნება წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება, დიმიტრი შაშკინი დემოსტრაციულად  პისტოლეტით შეირაღებული გადაადგილდება
ირაკლი კობახიძე - ბოლნისში შეინიშნება წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება, დიმიტრი შაშკინი დემოსტრაციულად  პისტოლეტით შეირაღებული გადაადგილდება

კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად, ბოლნისში, შეინიშნება წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება, პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია და ამ მონაპოვრის გაფრთხილება თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა.

„მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას.
საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ 10 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენ გასული დღეების მანძილზე საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“.

„ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს „ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ.  შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, „კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად, ბოლნისში, შეინიშნება წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება“.

„პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება. სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.