ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი
ბიზნესის რეკეტი ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. საუბარი ზედმეტი იყო ბიზნესის თავისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.
„მე ერთხელ მაშინ მომიწია სუფრასთან ყოფნა, სადაც დაახლოებით 10-15 ბიზნესმენი იყო და უკლებლივ ყველა ბიზნესმენს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. როგორ მიიყვანეს მოდულის შენობაში, ტანსაცმელი გაახდევინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მიუწერეს ფურცელზე თანხა, რომელიც უნდა მიეტანა. ათასი ისტორია არსებობს და ამ ისტორიებსაც შეგვიძლია, ჩავყვეთ. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა. მედიის პლურალიზმი ყველამ კარგად იცის, როგორ მიიტაცეს ჯერ ერთი მაუწყებელი, შემდეგ მეორე კერძო მაუწყებელი და საბოლოო ჯამში იყო სამი საერთო ეროვნული მაუწყებელი, რომელიც მუშაობდა მაშინ ქვეყანაში და ფარავდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას, სამივე იყო ტოტალურად მაშინდელი რეჟიმის საკუთრებაში და ხელში. რაც გააკეთეს აბსოლუტურად უკანონოდ, რაც დაადგინა შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ და კიდევ ერთხელ იყო მედიამონოპოლია შექმნილი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი უმძიმესი ქმედებათა ერთობლიობა, რაც მედიის მიმართ ჩაიდინეს. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტების მიმართ მოპყრობაზე და ა.შ. უამრავი ფაქტი არსებობს ამასთან დაკავშირებით. სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად იყო სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად ქცეული. არავითარი სხვა დატვირთვა ამ უწყებებს არ ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.