ირაკლი კობახიძე - ბიბილოვმა შეიძლება, თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს
ირაკლი კობახიძე - ბიბილოვმა შეიძლება, თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს

ჩვენ არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს, არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს და ა.შ, – ასე უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, როგორი იქნება ბიბილოვის მიერ დაანონსებულ რეფერენდუმზე ოფიციალური თბილისის რეაგირება. 

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ბიბილოვის მხრიდან გაკეთდა, ეს განცხადება კეთდება ყოველთვის, როდესაც ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ტარდება. ამ შემთხვევაშიც, ბიბილოვს არჩევნები აქვს და როგორც წინა შემთხვევებში, მან ჩათვალა, რომ კამპანიის მიზნებისთვის მისი მხრიდან მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება. ეს არის და ეს. თუ ამ განცხადებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ამით წყალს დავასხათ იმ წისქვილს, რომელიც ბიბილოვს ეკუთვნის“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რეფერენდუმის დაანონსებას შემდგომი მსვლელობა მიეცეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმედია, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა.

„მე იმედი მაქვს, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. შეიძლება, ბიბილოვმა თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.