ირაკლი კობახიძე - ბანერები არის გაკრული კონკრეტული პირის მიერ, ვინც საჯარო კომენტარი გააკეთა, სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს 
ირაკლი კობახიძე - ბანერები არის გაკრული კონკრეტული პირის მიერ, ვინც საჯარო კომენტარი გააკეთა, სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს 

ამაზე ჩვენ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბანერები არის გაკრული კონკრეტული პირის მიერ, ვინც საჯარო კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ არჩევნებში, ისევე როგორც წინა არჩევნებზე სიძულვილის ენა, ზიზღი, აგრესია არავის უკვირს და თქვენ იცით, ვინ არის მთავარი წყარო ამ ყველაფრის. ეს არის სამი კონკრეტული ტელევიზია, რომელიც მუდმივად აღვივებს ამ სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანაში, ამას ცდილობენ და ნაწილობრივ გამოსდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, როდესაც ერთი მხრიდან მოედინება სიძულვილი, სხვა მხრიდანაც იყოს პასუხი.

„მთავარია, რომ ეს არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდობიან გარემოში და ჩვენთვის მთავარია შემდგომი ორი კვირაც იყოს ასეთივე მშვიდი და მშვიდობიანი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებულნი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობაზე. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც პროგრამებით საუბრობს და საუბრობს იმაზე, როგორ წარმოუდგენია ქალაქების, რეგიონების, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩვენ მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. რაც შეეხება სიძულვილის ენას, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა კობახიძემ.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ბანერები განთავსდა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი.