ირაკლი კობახიძე - აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ასახულია ის პრინციპები, რომლითაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ვმუშაობთ
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ასახულია ის პრინციპები, რომლითაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ვმუშაობთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ განცხადებაში ასახული პრინციპების შესაბამისად მზადდება დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საქართველოში უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.

ამის შესახებ კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ამ განცხადებაში არის ასახული ის პრინციპები, რომლებითაც ვმუშაობთ ამ სამუშაო ჯგუფში და ზუსტად ამ პრინციპების შესაბამისად მზადდება დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.

ჩვენ დღეს გვქონდა დისკუსია, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპები, საერთო სულისკვეთება და ამ სულისკვეთებით მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო“.