ირაკლი კობახიძე - აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ
აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით. ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულწრფელ სურვილს, რომ დონალდ ტრამპმა შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „დიფ სთეითი“.
„რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში აშშ-ს როლს – ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა, ეს ბრძოლა არა „დიფ სთეითის“ დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ის გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და, საბოლოოდ, ევროპისა და რუსეთის ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს.
ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „დიფ სთეითი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დიფ სთეითი“, იგივე გლობალური ომის პარტია, დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.