ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში „ენჯეოები“ გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად, ამ კუთხით ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში „ენჯეოები“ გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად, ამ კუთხით ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში „ენჯეოები“ გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ იმ „ენჯეოების“ დაფინანსება, რომლებმაც 2022 წელს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გრანტების შესახებ კანონი მიმართულია იქით, რომ დავიცვათ საზოგადოება, პირველ რიგში, იმ ყალბი ტოტალური პროპაგანდისგან, რომელიც რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში“.

„აშშ-ში რატომ არ არსებობს „ენჯეოები?“ ამერიკას ვერავინ აკადრებს იმას, რომ უხეშად შეიჭრას ამერიკის პოლიტიკაში გარედან. ამიტომ, არ არსებობს „ენჯეოები“ აშშ-ში და ზოგიერთ სხვა განვითარებულ, ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. აშშ-ში „ენჯეოს“ ვერ შექმნი, არავის მოუვა აზრად, რომ „ენჯეოები“ გამოიყენოს აშშ-ში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შექმნას და აფინანსოს ეს „ენჯეოები“. „ენჯეო“ არის პოლიტიკური ინტერვენციის ინსტრუმენტი, რაც, მადლობა ღმერთს, უკვე აღიარა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. მათ არა მხოლოდ ინტერვენცია აღიარეს, პირდაპირ თქვეს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს „ენჯეოები“ გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ-ერთი პირველი ამ კუთხით იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ ამ „ენჯეოების“ დაფინანსება, რომლებიც სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივლისში და მოითხოვეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადადგომა, პირდაპირ არიან ჩართული ათასგვარ სიბინძურეში. ყველაზე ბინძური რიტორიკით ამ ქვეყანაში გამოირჩევიან „ენჯეოების“ ლიდერები, თუ პარტიის ლიდერებს და მათ ე.წ ჟურნალისტებს არ ჩავთვლით. ყველაზე ბინძური რიტორიკით გამოირჩევიან „ენჯეოების“ ლიდერები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. ამიტომ, „ენჯეო“ და ქართველი ხალხი არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან. ეს არის ჩვეულებრივი მახინჯი პროპაგანდა. სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებენ „ენჯეოებს“. არის „ენჯეოების“ რაღაც კასტა, პირობითად, ხუთი ათასი ადამიანი, ყველა არის უცხოეთიდან დაფინანსებული, პირდაპირ დახელფასებულია უცხოეთიდან და ამ ხუთი ათას კაცს ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება. რამხელა შეურაცხყოფაა ეს. ხუთი ათასი არის სამოქალაქო საზოგადოება და დანარჩენი 3 700 000 ადამიანი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა არის? გიგაური არის სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი პროფესორი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.