ირაკლი კობახიძე - არის გარკვეული დელიკატური საკითხები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება, აგენტურის თემის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს
ირაკლი კობახიძე - არის გარკვეული დელიკატური საკითხები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება, აგენტურის თემის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არსებობენ დეპუტატები, რომელთაც საკუთარი გზა აირჩიეს და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

კობახიძის თქმით, აგენტურის საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გაუჭირდება, რადგან არის დელიკატური თემა, რომელზე საუბარიც არ შეიძლება.

„ჩვენ აქ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და ვთქვით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებდით. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს. არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე. მით უმეტეს, ამ წერილში საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას. ამ თემაში საერთოდ ვერ შევალ, რომც ვიცოდე, რომ კონკრეტული აგენტია. როცა კომენტარს გვთხოვთ ყოფილი კოლეგების წერილებზე, პასუხს გაგცემთ, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით, რა დოზით ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. რაღაცების უარყოფა და დადასტურება მომავალშიც გაგვიჭირდება. შეიძლება, რაღაც წერილში ასი პროცენტით სიმართლეა, მაგრამ როგორც კი რაღაცას დავადასტურებთ ან არა, ეს იქნება სერიოზული პრობლემა. ვერც ერთ წერილს ვერ დაგიდასტურებთ ვერც ერთი პროცენტით, ყოველთვის ზოგად პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც შეეხება „რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ წერილს საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ“.  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა.

პარლამენტის წევრების თქმით, „ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება“. ამასთან, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებით, „შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს“.