ირაკლი კობახიძე - არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ
ირაკლი კობახიძე - არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ

მთავარია, სად არის სიმართლე. რაღაც ბრალდებებზე როდესაც არის საუბარი, მინიმალური მტკიცებულება, ფაქტი მაინც უნდა წარმოადგინოს ვინმემ. ძალიან კარგად იცით, ნული ფაქტი არსებობს ივანიშვილის რუსეთის ფედერაციასთან კავშირებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი ისაა, რომ ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან.

„ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი და სწორედ ამიტომ არ არის სანქცირებულთა სიაში. ამერიკას არ დაუსანქცირებია, რადგან არის ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი. განსაკუთრებულ ეჭვებს ბადებს ის, თუ რატომ განახორციელა მან ზარი და რატომ გაუმჟღავნა შემდეგ ეს ზარი იმ ტელევიზიებს, რომლებიც პირდაპირ „ნაცმოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ თვითონ ევტუშენკოვი როდესაც არ არის სანქცირებული ამერიკის მიერ და როდესაც ის არის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, სასაცილოა, ეს ზარი გახდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი. ავსტრალიას და ბრიტანეთს აქვთ დაკისრებული სანქციები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მას (ევტუშენკოვს) აქვს პირდაპირი კავშირები ამერიკის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე, ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებულია. არის რაღაც ზარი განხორციელებული, ეს ზარი ავთენტურიც რომ იყოს, ზარი განხორციელებულია ძველი ნაცნობობის გათვალისწინებით და პრაქტიკულად არაფერზეა საუბარი, რაც შეიძლება, იყოს დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლასთან და ასე შემდეგ. ამიტომ არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება რუსეთთან კავშირების თაობაზე არ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი განცხადება, გინდა „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდოს და გინდა ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში, ნულოვანი ფასის მატარებელია, თუ ფაქტებით არ არის გამყარებული.

საზოგადოება ხომ ყველაფერზე მსჯელობს, საზოგადოებას რომ ჰქონდეს ეს განცდა, ამ შემთხვევაში, 47 პროცენტი არ მოგვცემდა ხმას ბოლო არჩევნებზე. საზოგადოება აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ვიღაცა რა ფულს დაწერს თუნდაც ძალიან პრესტიჟულ მედიასაშუალებაში, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და აინტერესებს ფაქტები. საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან. ეს არის ფაქტები და საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს დღეს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და ეს ტყუილი რა დონეზე იქნება გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას პირობას აძლევენ, რომ არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩართავენ.

„როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. შეიძლება, ძალიან ბევრი ჰქონდეს დასაკარგი, შეიძლება, დაჰყვეს მათ ასე ვთქვათ, მოთხოვნას, თუ რაც არის და დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩართოს ქვეყანა ომში, მაგრამ მას ამათან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს დაფიქსირებული, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი შანტაჟით, მილიარდი კი არა, ათი მილიარდი რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, არ ჩართავს ქვეყანას ომში. ვინც აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებიდან, ნახეთ, პირდაპირ ითხოვენ ომში ჩვენს ჩართვას და იქვე აშანტაჟებენ. ეს კაცი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარ ნაბიჯს არ გადადგამს იმისთვის, რომ ქვეყანა ჩართოს ომში. მით უმეტეს, არც მე, არც პრემიერს არც სხვას ასეთი არაფერი გვაქვს დასაკარგი – არც ანგარიში მაქვს საზღვარგარეთ, არც რაიმე ქონება, რით უნდა დაგვაშანტაჟონ? არაფრის ფასად მე არ მიღირს, რომ ჩემს ქვეყანას შევუქმნა ის პრობლემა, საიდანაც შეიძლება, საუკუნეები ვერ ამოვიდეს. არც არახამიას და არც პოდოლიაკის შანტაჟი, ვერავინ ვერ გადაგვადგმევინებს ჩვენ ასეთ ნაბიჯს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეთ არა რაღაც მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ ისეთი პრობლემა შევუქმნათ ქვეყანას, რომელიც შეიძლება, საუკუნეების მანძილზე გაჰყვეს მას. ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ. ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.