ირაკლი კობახიძე -კანონი, რომელსაც პარლამენტი კიდევ ერთხელ მიიღებს, არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს კერძო მაუწყებლებს
ირაკლი კობახიძე -კანონი, რომელსაც პარლამენტი კიდევ ერთხელ მიიღებს, არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს კერძო მაუწყებლებს

მიგვაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში, არანაირი ფორმით არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს ის კანონი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, არსებობს უამრავი მექანიზმი, რითაც შესყიდვების გამარტივების პირობებში, კორუფციის პრევენცია შეიძლება.

„შესყიდვებს რაც შეეხება, აქ ვართ შეჯერებული ყველასთან და არსებობს უამრავი მექანიზმი, რითაც შეიძლება კორუფციის პრევენცია შესყიდვების გამარტივების პირობებში. არგუმენტები არის ძალიან მყარი და ამ არგუმენტების პირობებში ვიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის მედიაპლურალიზმი. სწორედ ამტომ იყო მთელი პოლემიკა, იზრდება თუ არ იზრდება მედიაბაზარი. სწორედ იმიტომ გაიზარდა 25 მილიონით 2012 წლიდან 2016 წლამდე ბაზარი, რომ საქართველოში გაჩნდა მედიაპლურალიზმი, ანუ ის, რაც ჩვენ არ გვქონდა 2012 წლამდე“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მათი მიზანია მედია გაძლიერდეს.

მედიაპლურალიზმი არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა. ამ მიღწევას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. შესაბამისად, არ დავუშვებთ იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებით, თუ სხვა ფორმით, რაიმე უარყოფითი სახით შეეხოს მედიაბაზარს.

ეს არის ჩვენი სულისკვეთება. აქედან გამომდინარე, თითოეული ნაბიჯი რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან, იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით. ჩვენი მიზანია გაძლიერდეს ზოგადად მედია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე სხვა მაუწყებლები და ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც ჩვენ იდგმება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა კობახიძემ.