ირაკლი კობახიძე - არავის დაუსვამს კითხვები, როდესაც მოლდოვამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა, საქართველოს მიმართ ყალბი რიტორიკა წარმოებდა, კონკრეტული ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა
არავის დაუსვამს კითხვები, როდესაც მოლდოვამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა, იმავე საკითხზე საქართველოს მიმართ ყალბი რიტორიკა წარმოებდა. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, ჩვენს მიმართ იყო კონკრეტული ინტერესი, მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები არავის უჩნდება, რომ მოლდოვას არ აქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები უკიდურესად სუსტად არის დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტებია სუსტი, მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრ ქვეყნად, არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ არცერთ რეზოლუციას, რომელსაც საქართველო შეუერთდა.
„საქართველოს და მოლდოვის ერთმანეთთან შედარებას რაც შეეხება, შესადარებელიც არაფერია. თქვენ ახსენეთ ეკონომიკა, ეკონომიკური კუთხით გვაქვს სრულიად სხვა ტენდენციები მოლდოვასთან შედარებით. მაგალითისათვის, ყველაზე მარტივი მაჩვენებელი რომ ვთქვათ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ეკონომიკებს შორის სხვაობა გაიზარდა 11.1 მლრდ დოლარით. საუბარია წარმოუდგენელ ცვლილებაზე, რაც ვიხილეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ბიუჯეტებს შორის სხვაობა რომ წარმოიდგინით, დაახლოებით 13 მლრდ-ით გაიზარდა საქართველოსა და მოლდოვას შორის. ხომ არის წარმოუდგენელი განსხვავება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს შორის? მოლდოვაში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, მათ შორის იმის გამოძახილიც არის, რომ მას არ აქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები არის უკიდურესად სუსტად დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი, მაგრამ, მაინც, მოლდოვასთან დაკავშირებით არავის შენიშვნები არ აქვს, მათ შორის, არავის აქვს შენიშვნები, რომ მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრ ქვეყნად. მოლდოვა არ შეუერთდა არაერთ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო შეუერთდა. ამაზე კითხვები არავის აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მოლდოვამ როდესაც რუსეთს სანქციები არ დაუწესა რუსეთს, არავის დაუსვამს კითხვები.
„გახსოვთ, როგორი ყალბი რიტორიკა წარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ იმავე საკითხთან დაკავშირებით. აშკარაა ორმაგი სტანდარტი და ამ ორმაგ სტანდარტს აქვს ზუსტად ის საფუძველი, რაზეც ვსაუბრობდი დღევანდელ ბრიფინგზე. ჩვენ მიმართ იყო კონკრეტული ინტერესი, მეორე ფრონტის გახსნა, იგივე ინტერესი არ იყო მოლდოვის მიმართ, მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მოლდოვას არ ჰყავს ჯარი. რეალურად, ჯარი რასაც ჰქვია, მოლდოვას არ ჰყავს, შესაბამისად, იქ მეორე ფრონტის გახსნას აზრიც არ აქვს. მოლდოვაში არ იყო ის ინტერესი, რაც იყო საქართველოს მიმართ. ამით აიხსნება ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სრულიად თვალსაჩინოა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დსთ-ის წევრი არ უერთდებოდა რეზოლუციებს, არც მოლდოვამ დააწესა სანქციები, უსუსტესი ინსტიტუტები, კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, თუმცა არავითარი შენიშვნები მოლდოვის მიმართ არაა. ეკონომიკას რაც შეეხება, არის რადიკალური სხვაობა ტენდენციებს შორის. გასაგებია, რაც არის ამ ყველაფრის ორმაგი სტანდარტის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.