ირაკლი კობახიძე - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შედარება გირგვლიანის საქმესთან უნდა ჩაითვალოს სპეკულირებად და ჩვენ ასეთ სპეკულაციებს ვერ მივიღებთ
ირაკლი კობახიძე - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შედარება გირგვლიანის საქმესთან უნდა ჩაითვალოს სპეკულირებად და ჩვენ ასეთ სპეკულაციებს ვერ მივიღებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შედარება გირგვლიანის საქმესთან პრინციპულად მიუღებლად მიაჩნია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეების მიმართ ხელისუფლებას არ აქვს არც ზოგადი და არც სუბიექტური ინტერესი.

„ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ 2012 წლიდან – ხელისუფლებას არ აქვს ზოგადი ინტერესი სისხლის სამართლის საქმეების მიმართ, არავითარი სუბიექტური ინტერესი, მით უმეტეს,  ასეთი საქმის მიმართ, სადაც ამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, გირგვლიანის საქმეზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ პრინციპულად ჩაიდინა დანაშაული. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემთხვევაში კი, სახეზეა ძალიან მძიმე დანაშაული.  მისი თქმით, მსგავსი სახის შედარებები მხოლოდ სპეკულირებაა.

„ჩვენ გვესმოდა შედარებები გირგვლიანის საქმესთან, რაც არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. გირგვლიანის საქმე იყო საქმე, სადაც ხელისუფლებამ პრინციპულად ჩაიდინა დანაშაული ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინაღმდეგ და ამ შეთქმულებაში ჩართული იყო მთელი მაშინდელი სახელისუფლო სპექტრი. ეს იყო ხელისუფლების დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა ერთი ადამიანი წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან, თუმცა ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული სათანადო პროცედურების შესაბამისად და ჩვენი მთავარი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სათანადოდ აღსრულდეს სამართალი ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოველგვარი შედარება გირგვლიანის საქმესთან ან სხვა მსგავსი შედარებები უნდა ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებად და ჩვენ ასეთ სპეკულაციებს ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება.