ირაკლი კობახიძე - არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
აბსოლუტურად არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ, თუმცა ჩვენ კვლავაც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას „გლობალური ომის პარტიისგან“.
„ჩვენ აქ მართლა გვიწევს, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული, თუმცა ჩვენ კვლავაც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.