ირაკლი კობახიძე – არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, ეუთო-ც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო ბრალდებებით, ხელისუფლების „დიპ სთეითის“ მორჩილი აგენტურით ჩანაცვლებაა
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთო-ც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიფ სთეითის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას აბსურდულს უწოდებს.
„არსებობს ცნობილი გამონათქვამი – „რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე“. ეს გამონათქვამი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთო-ც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიფ სთეითის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებები, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიფ სთეითის“ არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.
„მინდა, ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გამონათქვამები: „ან ჩვენ გავანადგურებთ „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“; „ჩვენ გვსურს ბრიტანული „დიფ სთეითის“ ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია“. ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიფ სთეითის“ არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.
ამ ფონზე ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და, ზოგადად, ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ „დიფ სთეითის“ წინაშე; შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც მთლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.