ირაკლი კობახიძე - არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ეუთო-სთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება
ირაკლი კობახიძე - არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ეუთო-სთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება

არაერთხელ გამოვხატეთ იმის მზადყოფნა, რომ ეუთო-სთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე ვიზრუნებთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაძლევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა ნატო-ს გენერალური მდივნისგან მითითება, რომ არჩევნებთან მიმართებაში ეუთო-ს დასკვნით ეხელმძღვანელათ.

„ერთ-ერთმა ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დასვა საკითხი არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენმა მეგობარმა გასცა ძალიან დიპლომატიური პასუხი. რა თქმა უნდა, ზოგადად ეუთო-ს დასკვნა და რეკომენდაციები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მათთან კონსულტაციების, თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე, ვიზრუნებთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაძლევაზე.

უკვე ვთქვი ერთხელ და კიდევ გავიმეორებ, არავის არ მოგვეწონა ის, თუ რა გარემოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ბევრად უკეთესი და ამაზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით, ასევე პრაქტიკაში არსებული გამოვლენილი ხარვეზების დაძლევის კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ნატო-ს სურს, იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით.