ირაკლი კობახიძე - არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა
ირაკლი კობახიძე - არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა

არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ევროკავშირს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ დღის საკითხებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს.

„სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა ოპოზიციას შედგენილი, წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული. პირველი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, ამაზე მყარი პოლიტიკური პოზიციაა. რაც შეეხება ანტიკორუფციას და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, შემჭიდროებული ვადები, რა ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება. ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც შემოგვთავაზა ოპოზიციამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.