ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ​ევროკავშირის აღქმა ჩვენს ქვეყანაში, ევროპარლამენტი უნდა აღიქმებოდეს სამართლიან სტრუქტურად
ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ​ევროკავშირის აღქმა ჩვენს ქვეყანაში, ევროპარლამენტი უნდა აღიქმებოდეს სამართლიან სტრუქტურად

არ შეიძლება, კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ​ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში, ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ასეთი რამ უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმებზე.

„მე ვერ მოვახდენ რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას, რადგან ჩვენ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წელს განვითარდა ევროპარლამენტში. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა. როგორც ჩანს, ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში და ასეთი ჩანაწერი გაჩნდა, რაც ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ გამეორებას, რაც იყო 2022 წელს და რაც, საბედნიეროდ, დასრულდა, მაგრამ ამის გამეორება ვიხილეთ.

იმედია, ეს ყველაფერი არ მიიღებს ტენდენციის სახეს, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმებზე. არ შეიძლება, კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ​ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა. როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, ასეთი რამ უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმებზე. ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ქართული საზოგადოების იმ 85%-იან მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ არსებობს.

ხშირად დახურულ შეხვედრებზე გვიფიქსირებენ ხოლმე ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი, მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ისინი თავად იღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მესიჯები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. თუ ის მესიჯები, რომლებიც დახურულ შეხვედრებზე ჟღერდება ხოლმე ჩვენთან, გაჟღერდება ქართული საზოგადოების წინაშეც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტისა და ევროსტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტში 28 თებერვალს ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.