ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი, სირცხვილია, გაანებეთ ამ კაცს თავი
ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი, სირცხვილია, გაანებეთ ამ კაცს თავი

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ 9 200 პატიმარზე, საერთო მდგომარეობის მიხედვით, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პატიმრების მიმართ არის სათანადო მოპყრობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთადერთი, რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, – „სააკაშვილი თუ დაიღუპება, ის სტატისტიკის ნაწილი იქნება?“ – კობახიძემ განაცხადა, რომ „400 დღე, არ შეიძლება, საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი“.

„გირჩევთ, რომ ეს აბსოლუტური ტერმინები ამოიღოთ თქვენი ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. არ ვარგა ამ ყველაფერზე ასე საუბარი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, სჯობს, სხვა სიტყვები გამოიყენოთ და სხვა მიმართულებით იმსჯელოთ ამ თემაზე. 400 დღე, არ შეიძლება, ადამიანის სიკვდილზე ისაუბროთ. 400 დღე, არ შეიძლება, საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბროთ. ეს სირცხვილია. რა დღითი დღე მძიმდება. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე. ეს აჩვენებს ამ კაცის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას და გაანებეთ ამ კაცს თავი.

სიკვდილზე საუბრობთ და ეს აჩვენებს ყველაფრის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. თქვენი პარტია და სიკვდილი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ხართ. სიკვდილზე აგებთ ყველა კამპანიას. არ შეიძლება ასე. საზოგადოება ამას უყურებს და ამიტომაც არის თქვენი რეიტინგები დაცემული. ანუ ყველა პარტიულ ტელევიზიას რეიტინგები სერიოზულად დაცემული აქვს, რადგან სულ სიკვდილზე, არ შეიძლება, საზოგადოებას ესაუბროს. თქვენი მხარდამჭერებიც კი დაღალეთ. ჯერ ესაუბრებოდით ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სიკვდილზე, ახლა – საკუთარი ბელადის სიკვდილზე. გაანებეთ რა, ამ ხალხს თავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.