ირაკლი კობახიძე - არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, ვიღაცებს ჰქონდათ აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში
ირაკლი კობახიძე - არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, ვიღაცებს ჰქონდათ აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში

არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, ვიღაცებს ჰქონდათ აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ გეგმაზე.

„იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სათანადო კვებით, სამედიცინო მომსახურებით. თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა.

გახსოვთ, თავის დროზე წამებაზე იყო საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირ წამებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს.

მე არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება. როგორც ჩანს, მასზე ჰქონდათ ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას მასზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.