ირაკლი კობახიძე - არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ შეთანხმების რომელიმე ნაწილი არ შესრულდეს
ირაკლი კობახიძე - არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ შეთანხმების რომელიმე ნაწილი არ შესრულდეს

რაც შეეხება შეთანხმებას, ყველაფერი წერია ორ ფურცელზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ერთი ფურცელი უკავშირდება საარჩევნო სისტემას და იქ დეტალურად, ზედმიწევნით არის საუბარი იმაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. მემორანდუმს შევუერთდით ყველა ის პარტია, რომელიც მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით. მეორე ფურცელი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას და აქ მარტივ რამეზეა საუბარი, რომ არავითარი პოლიტიკური გავლენა არ უნდა ხორციელდებოდეს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რაც აბსოლუტურად სწორი თეზისია. ეს თეზისი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს შეესაბამება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საგანი და რა პირობებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გავლენაში ყველანაირი პოლიტიკური გავლენა იგულისხმება. 

„სამართალი უნდა აღსრულდეს. სამართლის აღსრულება ნიშნავს კონკრეტულ შემთხვევაში გამართლებას და კონკრეტულ შემთხვევაში სანქციების დაწესებას. ყველაფერი უნდა წარიმართოს ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ჩვენი კონსტიტუცია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ბუნებრივია, შეთანხმების საგანი ეს არის და ამ შეთანხმებაში სხვა ვერაფერი ჩაიწერებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ამ ჩანაწერის არსებობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის აღიარება, რომ სამართლებრივ სივრცეზე გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედება ხდებოდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

„არავითარ შემთხვევაში. ამაზე არ ყოფილა საუბარი და ასეთი რამ არავის უთქვამს, გარდა შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისა, რომლებსაც სუბიექტური ინტერესი აქვთ. ბუნებრივია, მათ შეუძლიათ, ეს ამტკიცონ, რადგან ამ ყველაფერში სუბიექტურად არიან დაინტერესებული. თუმცა, ყველა ხედავს, რა არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ საქართველოში სამართალი აღსრულდება იქ, სადაც საჭიროა სამართლის აღსრულება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსი. მით უმეტეს, აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმეა. ერთი, ეს არის ათეულობით მილიონის ქურდობა საჯარო ბიუჯეტიდან და მეორე, ეს არის პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა. ერთიც და მეორეც უმძიმესი დანაშაულია და შესაბამისად, ამ დანაშაულთა პოლიტიკურ ჭრილში განხილვა სწორი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა წინაპირობა იგივე გიგი უგულავას შეწყალება, ან სხვა ფორმით გათავისუფლება იმისთვის, რომ შეთანხმებულ საარჩევო სისტემას ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს ვერანაირი შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა.

„კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კონკრეტული ორგანოების ფუნქციაა და ეს ორგანოები პოლიტიკური ორგანოები არ არის. ბუნებრივია, ვერანაირი შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა იმის თქმა, რომ მაგალითად, ვინმე უნდა გათავისუფლდეს, ან ვინმეს მიმართ სანქცია არ უნდა იყოს ამოქმედებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შეთანხმების პირობა ის არის, რომ შესაბამისი პროცესები, რაც გამოძიებას, ანუ მსგავსი ტიპის შემთხვევებს უკავშირდება, თავისუფალი იქნება ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური გავლენისგან და ხელისუფლების მხრიდან ეს პირობა ზედმიწევნით იქნება დაცული.

„ამის თქმა ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ და შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ შეთანხმების რომელიმე ნაწილი არ შესრულდეს“, – განაცხადა კობახიძემ.